Sazogadoeba.ge

ქალი და მამაკაცი - ექსპერიმენტები და გაურკვევლობისთვის გამეტებული ურთიერთობები

0



"ყველა კაცი კაცია, ყველა ქალი კი ქალია"
ზიგმუნდ ფროიდი

ქვეცნობიერის და ცნობიერის ურთიერთჭიდილი

ადამიანის რაობა, უპირველეს ყოვლისა, ყოფითი სარგებლიანობით განისაზღვრება, რაც თავისთავად შეიცავს დამატებითი კომპონენტების შერჩევით დაშვებულობას, ერთმანეთთან ურთიერთქმედების გაწერილ მექანიზმებს, ინსტიქტური თუ გააზრებული ქცევის გარკვეულ ფაქტორებს, რომელიც, თავის მხრივ, კაცობრიობის მრავალმხრივი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ყველაფრის განმსაზღვრელი კი ადამიანის გონებაა, რომელიც კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იქნება მეცნიერების კვლევის, დაკვირვების და ექსპერიმენტის საგანი.
"ფროიდის გონების ტოპოგრაფიული თეორიის მიხედვით ადამიანის გონება წარმოდგენილია სამი სხვადასხვა დონით: ქვეცნობიერი, არაცნობიერი, ცნობიერი.

1) ქვეცნობიერი - არის ფიქრის პრიმიტიული ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი მოქმედებს ძირითადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. საკუთარი ქცევის გაცნობიერების გარეშე. ამ დროს ადამიანი არ ითვალისწინებს ქცევის მიზეზს და შედეგს, მთავარია ის იმპულსები და გრძნობები დაიკმაყოფილოს, რაც უჩნდება. ქვეცნობიერი მუდმივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ.

2) არაცნობიერი - ზოგჯერ მას წინარე ცნობიერებას უწოდებენ ქართულად (რუსული სკოლის გავლენით) შეიცავს მოგონებებს, მეხსიერებას, რომელიც შეიძლება ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ცნობიერებისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ადამიანს მათი გამოყენება შეუძლია.

3) ცნობიერი - წარმოადგენს ადამიანის ფიქრებს რის შესახებაც ადამიანმა თავად იცის. ცნობიერს აქვს წვდომა, არაცნობიერთან ნაწილობრივ, თუმცა არა ქვეცნობიერთან. ცნობიერი, ქვეცნობიერისგან განსხვავებით იყენებს ფიქრის მეორად პროცესს. ფიქრის მეორადი პროცესია, ლოგიკაზე, სივრცეზე და დროზე ორიენტიტირებული."

გონების ამ სამი შემადგენელი კომპონენტის მუდმივი ჭიდილი არის სწორედ ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი. თვისებრივი სხვადასხვაობა ადამიანების გარკვეულ კატეგორიებს შორის ქვეცნობიერის და ცნობიერის "შეჯიბრით" გამოწვეული ინსტიქტური ქმედებაა. ხოლო არაცნობიერი აქ მხოლოდ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ხან ერთ მხარეს იხრება და ხან მეორე. შემედავებით და მეტყვით, თუ ცნობიერი ლოგიკას ექვემდებარება და გააზრებულ ქმედებას წარმოადგენს, როგორ შეიძლება მას ინსტიქტური ვუწოდოთ პარალელურადო და არც შეცდებით, თუმცა... როდესაც ქვეცნობიერი მეტისმეტად ძლიერია, ხოლო ცნობიერი პოზიციებს არ თმობს, მაშინ ის ავტომატურად გადაინაცვლებს ქვეცნობიერში და მისდაუნებურად თრგუნავს იქ არსებულ (წარმოქმნილ) სურვილებს. შესაბამისად, ჩანს, რომ ცნობიერმა პოზიციები დათმო და ქვეცნობიერი არის ამ ეტაპზე ქცევის განმაპირობებელი. ეს კი თავისთავად ეყრდნობა სურვილების მკვეთრად გამოხატულ ინსტიქტს. მაგალითად, ავიღოთ სიტუაცია, როდესაც ქალი ძალიან ნერვიულობს ჭარბ წონაზე და მიმართავს სხვადასხვა ხერხს სხეულის, რბილად რომ ვთქვათ, ნორმაში ჩასაყენებლად. მან იცის, რომ მისი ნებისყოფა დაეხმარება თავი იგრძნოს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და რაც მთავარია, ბედნიერად. შედეგის მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ მზად არის უარი თქვას ყველაფერ დანარჩენზე. რამდენიმედღიანი "ტანჯვის" შემდეგ ქალი ვარდება სიტუაციაში, სადაც მისთვის საოცნებო ყველა ნუგბარია ერთად თავმოყრილი. მისი ქვეცნობიერი ინსტიქტური ქმედებისკენ უბიძგებს, ხოლო ცნობიერი დიეტას ახსენებს, რაც ავტომატურად, ქალის თავშეკავებას იწვევს. ერთი ჭიქა ალკოჰოლი და ქალი მეტად ექვემდებარება ქვეცნობიერს, თუმცა პარალელურად ამჩნევს ყველა ლამაზ სხეულს, რომელზე ოცნებაც წლების განმავლობაში უხდება თვითონ. ამ დროს ხდება ჭამის სურვილის ჩანაცვლება საოცნებო შედეგის მიღების სურვილით, თვალით აღქმული სილამაზის გადასროლა ქვეცნობიერში. ქალს უნდა ასეთი იყოს, უკვე არა გააზრებულად, არამედ ინსტიქტურად. მას ის, ვიღაც, მოსწონს. ცნობიერი გადადის ქვეცნობიერში და თრგუნავს იქ უკვე არსებულ სურვილს. იმ შემთხვევაში, თუ საოცნებო ვიზუალის მორგების გააზრებული სურვილი არც ისე ძლიერია, ქვეცნობიერი მას მასზე ზემოქმედების საშუალებას აღარ აძლევს. აი, აქ უკვე ერთვება ჭეშმარიტი ინსტიქტი და ჭარბწონიან ქალს აიძულებს მიირთვას სანაქებო ნუგბარი. ამით ის იმ კონკრეტულ მომენტში ბევრად უფრო ბედნიერია, ვიდრე იქნებოდა საოცნებო ვიზუალის ქონის შემთხვევაში.

როდესაც სურვილები, შინაგანი ემოციები, გრძნობები მეტისმეტად ძლიერია ადამიანის ქმედება ავტომატურად ერთვება ინსტიქტზე და მოქმედებს შედეგის გაუაზრებლად ანუ მიდის რისკზე. ამას ხშირად "გონების დაბნელებასაც" ვეძახით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიცით, რომ არ შეიძლება და ვაკეთებთ, და როდესაც არ ვიცით, რა მოჰყვება ამას და მაინც ვაკეთებთ. არის შემთხვევები, როდესაც ვცდილობთ შედეგში გარკვევას, ვხვდებით მის უარყოფით ალბათობას, თუმცა გონებას ვერ ვაიძულებთ ჩაერთოს ჩვენს ქმედებაში, გვაიძულოს სწორად მოქმედება, ვინაიდან ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში ემოციები აბსოლუტურად უმართავი ხდება. და რას აკეთებს ამ დროს არაცნობიერი? ერთვება მოგონებები, ფაქტები, რომელიც ან ერთ მხარეს უწყობს ხელს მეტი სიმძლავრით მოქმედებისკენ, ან - მეორეს. დადებითი მოგონებები აძლიერებს ქვეცნობიერ ინსტიქტებს, ხოლო უარყოფითი ადამიანს აიძულებს ქმედების გააზრებას.

ევა ადამისთვის
ადამიანის გონების რომელიმე მონაკვეთის მიერ ნაკარნახევი ქმედება არსად არაა ისე მკვეთრად და წინააღმდეგობრივად გამოხატული, როგორც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისას.

ჭეშმარიტება: ადამიანები, ფიზიოლოგიური აგებულების მიხედვით, იყოფიან ორ კატეგორიად: არსებობენ ქალები და მამაკაცები

რელიგიური წარმომავლობა: ღმერთმა ჯერ მამაკაცი შექმნა, მერე ქალი...

ფაქტი: შეიქმნა ევა ადამისთვის...

დიდი ფილოსოფია არაა საჭირო, რომ მიხვდე, ქალი მამაკაცისთვის ქალად არის შექმნილი, ეს კი თავისთავად გულისხმობს მამაკაცის მხრიდან ქალის ქალად და პირიქით, ქალის მხრიდან მამაკაცის მამაკაცად აღქმადობის გაუბათილებელ ჭეშმარიტებას.

თუმცა ვინაიდან ორივე სქესის წარმომადგენელი ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და შეუძლებელია ყველა ქალი ქალად ან მამაკაცი კაცად იყოს აღქმული საპირისპირო სქესის მხრიდან, ამიტომ ადამიანებმა გამოვძებნეთ ურთიერთობის სხვა ხერხი და ამას ქალს და მამაკაცს შორის და-ძმური ურთიერთობის მსგავსი მეგობრობა დავარქვით. ბოლოს და ბოლოს, რატომაც არა. თუკი შეიძლება საპირისპირო სქესის მქონე ნათესაური კავშირის სიწმინდის აღქმა, დისა და ძმის უკეთილშობილესი ურთიერთობების მაგალითებად მოყვანა, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, მაგალითად, ორი საპირისპირო სქესის ადამიანს შორის არსებული წმინდა ურთიერთობის თუნდაც თეორიულად დაშვება?

აი, სწორად აქ ერთვება გონების სამივე ასპექტი. და-ძმა და ნათესავები... ეს ქვეცნობიერში ჩამოყალიბებული ემოციაა, რომელიც გააზრებას არ საჭიროებს. არაცნობიერი ეხმარება ქვეცნობიერს ჭეშმარიტების აღქმაში გაუაზრებლად. ბავშვობიდან მოყოლებული შემგუებლობა, შინაგანი ემოციებით გამოწყვეული უსაზღვრო პატივისცემა და გენეტიკური სიყვარული - ეს ის ფაქტორებია, რომელიც შემდეგ გაცნობილ ადამიანებზე არ შეიძლება გავრცელდეს. შესაბამისად, რაც არ უნდა ვამტკიცოთ ქალებმა, ეს მამაკაცი საკუთარი ძმასავით გვიყვარსო, ან პირიქით, მამაკაცებმა "გადაიჭრან ვენები" კონკრეტული ინდივიდის "დასავით" სიყვარულზე, ის ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი ძმა (ან და) ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დაშვებულობამ შეიძლება იარსებოს ცნობიერში, რომელიც ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში გახდება ქვეცნობიერის დათრგუნვის ობიექტი.

"სულ სხვა სფერო"

ფრანგი ესეისტი და მორალისტი ჟან დე ლა ბრუიერი ქალისა და მამაკაცის მეგობრობას დასაშვებად და უფრო მეტიც, საჭიროდ მიიჩნევდა, თუმცა ამავე დროს განმარტავდა: "მეგობრობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს. და მაინც ქალი კაცში ყოველთვის ხედავს კაცს, და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს. ამგვარი ურთიერთობა არც მეგობრობად და არც ვნებად არ ჩაითვლება: სულ სხვა სფეროს ეკუთვნის".

რა ხდება ადამიანების გონებაში "სხვა სფეროში" აღმოჩენის შემთხვევაში? ამ თემაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლის მაგალითებად მოყვანაც შეიძლებოდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა... თუ კვლევების ვალიდურობას ადამიანების გულწრფელობის დონე განსაზღვრავს, ბუნებრივია, არ შეიძლება მას 100%-ით ვენდოთ. ალბათ რამდენიმეპროცენტიანი ეჭვი მაინც უნდა დავუშვათ ყოველი ჯერადობით, თუმცა... არსებობს ჭეშმარიტების დასადგენი ვარიაციებიც. მაგალითად, საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტები და ყოველი ემოციების ფურცელზე გადმოტანის მცდელობაც, რომელთა შედეგების შედარება კვლევით მოცემულობასთან დაადასტურებს, სავარაუდოდ, სოციალური კვლევების შედეგების ჭეშმარიტებასაც.

პირველ რიგში, აუცილებელია გავიაზროთ, რა იწვევს ადამიანებში ემოციების სიმძლავრეს, რომელიც შემდეგ ბატონდება გონებაზე და რა ფაქტორები აახლოებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. ბრიუერს თუ დავესესხებით "გულით უფრო ადვილად და სიამოვნებით უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, ვიდრე გონებით". "გავბედავ და ვიტყვი, მხოლოდ გულს ძალუძს შეიცნოს და შეარიგოს ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთავსებელი გრძნობები." - აღნიშნავს ფრანგი მორალისტი.

აქვეა მეცნიერების დასკვნებიც, რომლის საფუძველზეც მტკიცდება, რომ მამაკაცსა და ქალს შორის მეგობრობა სექსუალურ ლტოლვას ემყარება მაინც. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი უფრო პირდაპირია ყოველთვის მსგავსი ემოციების გამოვლენისას, ვიდრე ქალი. ეს უკანასკნელი კი ხშირად საკუთარ თავსაც ძლივს უტყდება, რომ მეგობარ მამაკაცთან ისიც ქალად გრძნობს თავს და არა მის "ძმაკაცად", რომელზეც ხშირად აკეთებს აქცენტს ორივე მხარე.

ფსიქოლოგების აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობაში აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს, რადგან ავტომატურად დგება საზღვრები, რომელსაც არც მამაკაცი უნდა გასცდეს და არც ქალი, ბუნებრივია მეგობრობის "ხათრით".

ამ კონკრეტულ სტატიაში ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის მაგალითებს განვიხილავთ ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერით მამაკაცებთან (მეგობრებთან) ტიპიური ურთიერთობების შემთხვევებში და ამ უკანასკნელთა ხასიათების ცვალებადობას მათივე ქმედითი წვლილის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ექსპერიმენტისთვის გვჭირდება შინაგანი, ქვეშეცნეული ემოციებით დაახლოებული საწინააღმდეგო სქესის ადამიანები მკაცრი მორალური ღირებულებებით.
რაც ნაკლებია თეორიული დაშვებულობა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების განვითარების კუთხით, მით უფრო ზუსტია რეალურ ცხოვრებაზე მორგებული მეგობრობის ალბათობის საზომი.
და მაინც, რა არის ქალის და მამაკაცის მეგობრობის საწყისი, როგორ ვითარდება ურთიერთობები, რა უწყობს ხელს სულიერი სიახლოვის გამძაფრებას, ჩნდება თუ არა "ფლირტის" ელემენტები და სადამდე შეიძლება მივიდეს "ნებაზე" მიშვებული ქმედებები.




წყარო: sazogadoeba.ge

0 коммент.:

Отправить комментарий